მგზავრები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას რუსული ავიაკომპანიით აპირებდნენ, ჯავშანს აუქმებენ და ბილეთებს აბრუნებენ

მგზავრები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას რუსული ავიაკომპანიით აპირებდნენ, ჯავშანს აუქმებენ და ბილეთებს აბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ რუსეთის ვიცე-პრემიერის, მაქსიმ აკიმოვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ექვს რუსულ ავიაკომპანიაზე, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში რეგულარულ რეისებს ასრულებდნენ.

„ამ დროის მონაცემებით, ავიაკომპანიები აფიქსირებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს საქართველოს მიმართულებით დაჯავშნილი ბილეთების მასობრივი დაბრუნება. თათბირის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსული ავიაკომპანიები მზად იქნებიან, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან შინ 8 ივლისის შემდეგაც დააბრუნონ, მაგრამ ერევნის ან ვლადიკავკაზის აეროპორტებიდან“, – აცხადებს რუსეთის ვიცე-პრემიერის, მაქსიმ აკიმოვის ოფიციალური წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე, საქართველოში რეგულარულ რეისებს ასრულებენ შემდეგი რუსული ავიაკომპანიები: “Аэрофлот”, S7, “Уральские авиалинии”, “Победа”, Red Wings, Nordavia.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები