დე-ფაქტო აფხაზეთი იმ ტურისტებს ეპატიჟება, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სურდათ
აფხაზეთი მზად არის იმ რუს ტურისტებს უმასპინძლოს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და საქართველოში ვიზიტს გააუქმებენ. ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ახლა საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.
„ჩვენ გვაქვს თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხი. სანაპირო ტურიზმი და ექსკურსიები განვითარებულია, ამის გარდა, სამთო და ექსტრემალური ტურიზმი მაღალ დონეზეა. გელოდებით ჩვენთან“, – იუწყება გამოცემა „ტასი“ ასტამურ ბარციცზე დაყრდნობით.
ბარციცმა ასევე სტატისტიკური მონაცემები მოიშველია და აღნიშნა, რომ 10 ივნისის მონაცემებით მხოლოდ გაგრაში 10 ათასმა ადამიანმა დაისვენა, რაც, მისი თქმით, ორჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. ბარციცის განცხადებით, აფხაზეთში ტურისტული სეზონის პიკი ივლისი-აგვისტოა.
ე.წ. აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილის ცნობით, 2018 წელს აფხაზეთს მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, რაც, მისი თქმით, 200 ათასი ადამიანით მეტია 2017 წელს ვიზიტორებთან შედარებით. ბარციცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამსვენებლების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებას დაავალა, რომ უზრუნველყონ რუსეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც ამ წუთებში საქართველოში იმყოფებიან.
ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა. მისივე განკარგულებით, რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აეკრძალათ.