გიგი უგულავა: გიორგი გახარიას საფლავამდე ჩავყვები და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ

0

გიორგი გახარიას საფლავამდე ჩავყვები და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელსაც შსს გამოკითხვაზე იბარებს.

უგულავას თქმით, გუშინდელი მოვლენები გახარიას უშუალო ბრძანებით მოხდა და სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ ამას გახარიაც გააკეთებს.

„განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი ყველაფერი. მე, ივანიშვილისა და გახარიასგან განსხვავებით, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, მაგრამ მე მივალ საჯარო სასამართლოს დაკითხვაზე, სადაც მივცემ ჩვენებას, როგორ უმსგავსო, საზიზღარი საშინელება და დანაშაული ჩაიდინა გახარიამ ივანიშვილის დავალებით. მივიღებ იმ სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობას, რომელიც არის საჯარო. თუ გახარია მივა თავის უწყებაში გამოკითხვაზე, მაშინ მეც მივალ, მაგრამ სასამართლოში მივალ, სადაც დაწვრილებით მოვყვები იმ უმსგავსობის შესახებ, რაც ჩაიდინა გახარიამ და რაც ჩაადენინა ამ საცოდავ პოლიციელებს“, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან, მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის კოლექტიური, ინდივიდუალურია და ყველა პოლიციელი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც უგულავას განცხადებით გუშინ რეზინის ტყვიებს ისროდა.

„საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ტენდენცია, მინისტრებს ვიჭერთ, შინაგან საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინეს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის კოლექტიური, ინდივიდუალურია, ამიტომ ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, ვინც გუშინ ტყვიებს ისროდა, ვინც საზიზღრობას ჩადიოდა, მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში აუცილებლად მივცემთ, რადგან უნდა დასრულდეს დრო – „მე არაფერ შუაში ვარ დამავალეს“. რას ჰქვია დაგავალეს, რობოტი ხარ“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, საკუთარი თვალით ნანახს მაგისტრ მოსამართლესთან მოყვება.

„მე მივალ მაგისტრ მოსამართლესთან, მივალ სასამართლოში და მოვყვები იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. ვნახე საშინელება ჩადენილი ჩემს სახელმწიფოში მთავრობის მიერ.

მოკლედ გუშინდელი გავრილოვის ღამის ორგანიზატორი, დამრბევი და დამნაშავე არის გახარია და ბიძინა ივანიშვილი. როგორც უნდა ისე გადაიტანონ, დამიჭირონ, ამ მთავრობამ უკვე ორჯერ დამიჭირა, მესამედ დამიჭერს თუ მეოთხედ, საერთოდ არ მაინტერესებს. მე ამ ბრძოლაზე უარს არ ვიტყვი, განსაკუთრებით გუშინდელი საშინელი ღამის მერე, გუშინდელი ამ საშინელების მერე, გახარიას საფლავამდე ჩავყვები და სისხლისსამართლის პასუხისგებაში მივცემ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრიაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იბარებს.

კომენტარები

კომენტარი