მიხეილ ჯანელიძემ კომპანია ,,ბესინის” მეურნეობა დაათვალიერა
თელავის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ ადგილობრივი წარმოება დაათვალიერა. კერძოდ, ის კომპანია „ბესინი“-ს საქმიანობას გაეცნო და მის ხელმძღვანელ პირებთან იმ პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც მათ წარმოებას ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გაუჩნდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს – ვენახები, ხეხილის ბაღები, ნერგების და ღვინის წარმოება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ლობჟანიძემ აღნიშნა, კომპანია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით საქმიანობს, მათი პროდუქციის ექსპორტი ხდება პოლონეთში, ჩეხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე ამ ეტაპზე მათ მცირე მოცულობის ექსორტი გააქვთ, რაც საგადასახადო პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა, იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მათ მუშაობაში ხელს შეუწყობს.