შს მინისტრი: ყველა ის ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანი აქცია გადაზარდა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში, უმკაცრესად იქნება დასჯილი

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანი აქცია, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, გადაზარდა პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში, უმკაცრესად იქნება დასჯილი”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და „უმძიმესი დღე“ უწოდა.
მისივე განმარტებით, გუშინ მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციელების მიმართ და მოხდა ჯგუფური თავდასხმა პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით.
„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ, რაც, საბოლოოდ, მიიღო პარლამენტის შენობის შტურმის აღებით. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციელების მიმართ, მოხდა ჯგუფური თავდასხმა პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, რაც ჩვენ მოქალაქეებმა ეკრანის საშუალებით ნახეს, იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს წუთებისა და წამების მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები გუშინ რუსთაველის გამზირზე. უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი, რიგითი მოქალაქეები, მოედნიდან გაქრნენ. პოლიტიკოსებმა მოქალაქეები მიატოვეს და 10 საათისთვის აქციაზე არცერთი პოლიტიკოსი აღარ იმყოფებოდა“, – განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები