მარია ზახაროვა: საქართველოში განვითარებული მოვლენები სიგიჟის სიმღერაა

“ქვეყნებს შორის საუკუნოვანი სტუმართმოყვარეობა “საშინელი პროვოკაციით” დასრულდა”, – ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გუშინ თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია რადიკალების პროვოკაცია იყო და მეტი არაფერი.
“სიგიჟის სიმღერა. ბევრის თქმა შეიძლება და უკვე ითქვა კიდეც თბილისის მოვლენებზე. რადიკალების პროვოკაცია, პარტიებს შორის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. პოლიტიკა. დემოკრატია. მე არ ვარ ირონიული – ეს თანამედროვე სამყაროს რეალობაა”, – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.
ზახაროვა ხაზს უსვამს, რომ რუსი დეპუტატები თბილისში ქართული მხარის მოწვევით  სამშვიდობო მიზნებით იმყოფებოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” 26-ე სესიაში.
ზახაროვამ “ფეისბუქის” “პოსტში” ისიც დაწერა, რომ მომხდარმა ყველაზე მეტად საქართველო დააზარალა.
“თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა დაბრუნებაც ასე ძალიან სურს, საკუთარი კეთილგანწყობა და სამშვიდობო პოტენციალი დაანახა”, – წერს რუსი დიპლომატი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას დროებით თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს. დეპუტატობის მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომლის ინიციატივითაც იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი  კომუნისტური პარტიიდან – სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულ ფაქტს ქართველი ხალხისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
მშვიდობიანი დემონსტრაცია სპეცრაზამმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დარბევის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები