დავით უსუფაშვილი: ეს არ არის არანაირი პროტოკოლური შეცდომა, ეს არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა

“ეს არ არის არანაირი პროტოკოლური შეცდომა, ეს არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა – დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  უსუფაშვილი გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„როდესაც ასეთი ღონისძიებები ტარდება პარლამენტში, ყველა დეტალი იწერება გეგმაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერამდე ვერანაირი მოქმედება   განხორციელდება – ვერც ხარჯი გაიწევა, ვერც ოთახი მოეწყობა, წყალიც კი ვერ დაიწყება მაგიდაზე. ეს ყველაფერი არის უსუსური მცდელობა, გადაიფაროს უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა.
მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არ არის ახალი მოვლენა ქვეყნისთვის. ასამბლეის შიგნით არსებული ვითარებებიდან გამომდინარე, წინა პარლამენტის დროსაც ვმსჯელობდით და ვიღებდით, ჩემი აზრით, პოლიტიკურად გააზრებულ გადაწყვეტილებებს; კერძოდ, ასამბლეის სხდომაში მივიღეთ მონაწილეობა საბერძნეთში, მაგრამ ამავე ასამბლეის სხდომა როცა მოსკოვში ჩატარდა, ჩვენ იქ დელეგაცია არ გავაგზავნეთ  იმიტომ, რომ ვიცოდით, რა ტიპის პოლიტიკურ პროვოკაციებს ექნებოდა ადგილი რუსეთის დელეგაციის მხრიდან. თუ საქართველოში ჩატარება გადაწყდა, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ეს ასე, რადგან იცოდნენ, რომ ამ ასამბლეაში წამყვანი როლი რუსებს აქვთ.
ზაქარია ქუცნაშვილი იყო ამ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი წინა პარლამენტშიც. ძალიან კარგად მახსოვს  ზაქარია ქუცნაშვილი ჩემთან შემოსული  სათათბიროდ იმის თაობაზე, მიზანშეწონილი იყო  თუ მიზანშეუწონელი  ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა მოსკოვში გასამართ ასამბლეაში. მახსოვს, რომ ზაქარია ქუცნაშვილს ჰქონდა ამ საქმისთვის საკმარისი გამჭრიახობაც და უნარებიც, ერთად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, ახლა ის, რომ ზაქარიამ ვეღარ გათვალა, ეს არის უფრო მეისრეზე გადაბრალების მცდელობა. ზაქარიამ თუ ვერ გათვალა, პარლამენტს ჰყავს ხელმძღვანელი, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები. ყველას მხრიდან ხელს დაბანა, რომ არ იცოდნენ, ასე რომ ხდებოდა,  მიუღებელია“. – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები