გიორგი მარგველაშვილი: ვთხოვ ჩვენს პოლიციას, საქართველოს მოქალაქეებზე აღარ იძალადოს

„ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე – იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ საქართველოს ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს გაუვათ, ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც გუშინ აქცია გაიმართა.
ამასთან, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილ თანამებრძოლებსაც მიმართავს და მოუწოდებს, ძალადობას გაემიჯნონ.
„არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა და მათი ინტერესების წინააღმდეგ დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესები. 30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. დღემდე მათი მადლობელი ვართ. 30 წლის წინ, მომდევნო დღეს, აი, აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები. როგორც უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე – იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ საქართველოს ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს გაუვათ, ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე. მინდა, ასევე, მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან”, გაემიჯნონ ამ ძალადობას; გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, ქართველი პატრიოტების ქუჩაში დევნასა და ქუჩაში მათ მიმართ სროლასა და გამოყენებას ისეთი იარაღისა, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს დაზარალებულია.
არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არის ჩემი საქმე დღეს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება. ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რასაც ჰქვია – „საქართველო რუსეთს არ მიიღებს”, საქართველო არ შეეგუება რუსების ოკუპაციას, საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს ქართულ პარლამენტში. ეგ არის ჩემთვის მთავარი, დანარჩენი დეტალი ოპოზიციამ თვითონ გაარკვიოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, ექსპრეზიდენტის განმარტებით, საქართველომ გასცა პასუხი იმას, რომ ცდილობდნენ, შეეპარებინათ რუსული ნარატივი საქართველოს პარლამენტში.
„აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ დეტალურად გავარჩიო – ჟურნალისტები რომ გამოუშვეს, კანონიერი იყო? დეპუტატები რომ არ შეუშვეს, კანონიერი იყო? შეჭრის მცდელობა კანონიერი იყო? – არ არის ეს დეტალები ჩემთვის საინტერესო დღეს. დღეს არის რეალობა, რომ საქართველოს ახალგაზრდობამ დაიცვა ჩვენი ღირსება და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს ახალგაზრდობა და დავიცვათ ის ემოცია, რომელიც ამ ქვეყანას აძლიერებს. დღეს საქართველომ გასცა პასუხი იმას, რომ ცდილობდნენ, შემოეპარებინათ რუსული ნარატივი საქართველოს პარლამენტში.
ვურჩევ მთავრობას, დადგეს იმ ემოციისა და სულისკვეთების ირგვლივ, რასაც ჰქვია რუსეთის ოკუპაციის მიუღებლობა. ამ ღირსების დასაცავად იყო გუშინ გამოსული ახალგაზრდობა ქუჩაში.
ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართული საზოგადოება და იმ ღირებულების დასაცავად, რასაც აქ 30 წელია, ვიცავთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები