პესკოვი: პროტესტი თბილისში რუსოფობიური პროვოკაციაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსოფობიური პროვოკაციაა, რომელიც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.
“ის ყველაფერი, რაც გუშინ საქართველოში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა რუსოფობიური პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება არ იწვევდეს ჩვენს შეშფოთებას, რადგან აქციის მონაწილეებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ”, – თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან – სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულ ფაქტს ქართველი ხალხისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
გავრილოვის გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიციის მოთხოვნით, მომხდარზე პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები