დავით უსუფაშვილი: ამ სისტემით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები ისევ მიშასა და ბიძინას შორის მკლავჭიდში შეჯიბრი იქნება

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრიორიტეტი პროპორციული არჩევნებია და არა  – ვადამდელი არჩევნები.
ამის შესახებ უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, სამწუხაროდ, ყველა სხვა საკითხი კარგავს აზრს, გარდა ერთისა – პროპორციული, სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. ამ ხელისუფლებას სხვა პოზიტიური რამის გაკეთება, სამწუხაროდ, აღარ შეუძლია. ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? კი, უნდა დადგეს. მაგრამ  ეს არ იქნება ადეკვატური იმ ამოცანებთან, რაც დღეს ქვეყანას უდგას წინ. ამიტომ  პროპორციული არჩევნების მიღწევა, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც პარლამენტში დევს,  პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალია.
მე მგონია, რომ პროპორციული არჩევნებია პრიორიტეტი და არა – ვადამდელი არჩევნები. არსებული სისტემით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები იქნება ისევ მიშასა და ბიძინას შორის მკლავჭიდში შეჯიბრი, რომლიდანაც ქვეყანა გამარჯვებული ვერ გამოვა. გვჭირდება პროპორციული არჩევნები, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მე არაერთხელ განმიცხადებია და გუშინაც ვთქვი ამის თაობაზე, რომ თუ მოვლენები ასე განვითარდა, მაშინ ივანიშვილი მოახერხებს, მართლაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ 2012 წელს სააკაშვილისთვის გამორთმეულ ხელისუფლებას უკანვე დაუბრუნებს.
ეს არის ძალიან მძიმე ვითარება, რაც დღეს საქართველოშია. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. იმას, რაც მოხდა გუშინ,   ექნება ხანგრძლივი გავლენა ძალიან ბევრ პროცესზე, მათ შორის – ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ  ნომერ პირველი ამოცანაა, როგორმე შევძლოთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები ასეთ ვითარებაში არ კარგავდნენ ჯანმრთლობას, ხვალინდელი დღის იმედს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები