ირაკლი კობახიძე: გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა ნიუანსი წინასწარ იყო გათვლილი და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მყისიერად მოითხოვეს სესიის შეჩერება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

,,პარლამენტის თავმჯდომარე არის მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი თითოეული ღონისძიების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, უნდა გაიმიჯნოს აქ მაკრო და მიკრო მენეჯმენტი. რაც შეეხება მაკრო მენეჯმენტს, ანუ საერთო დაგეგმას ღონისძიების, თავისი დეტალების ჩათვლით, ოღონდ საერთო დაგეგმაზეა საუბარი, იქ იყო წინასწარ ყველა ნიუანსი გათვლილი, აწონ -დაწონილი და შესაბამისი ზომები მიღებული, თუმცა ამ ხარისხის იმპროვიზაციას დავარქვათ სახელი და ეს იყო არა იმპროვიზაცია უბრალოდ, არამედ, ეს იყო პროვოკაცია, ამ მასშტაბის პროვოკაციის წინასწარ გათვლა და წინასწარ ყოველგვარი განვითარებისთვის, ასე ვთქვათ, რეაქციის შემზადება, არ არის მარტივი. როდესაც ასეთი ტიპის ქმედება ხორციელდება, იქ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და ეს რეაქცია ჩვენი მხრიდან, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან, იყო მყისიერი როგორც კი გავიგეთ ამ ფაქტის თაობაზე. ჯერ ერთი, საჯარო განცხადება გაკეთდა და შემდეგ, მაშინვე მყისიერად მოვითხოვეთ ჩვენ სესიის შეჩერება და ფორმატის რადიკალურად შეცვლა. ანუ, ეს მოხდა მყისიერად, როგორც კი გავიგეთ ამ ფაქტის თაობაზე.

ირაკლი კობახიძემ მისი გადადგომის საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც მყისიერად მოახდინა რეაგირება იმ მძიმე სურათზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თუმცა, რაც შეეხება გაგრძელებას, ამ გაგრძელებასაც სჭირდება თავისი შეფასება და ამ გაგრძელებას ამ მომენტში ვერ ექნება ცალსახა შეფასება. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, დღეები და უნდა შეფასდეს თითოეული მხარის მოქმედება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, ცალსახად გადავუხდი მადლობას პირველი რეაქციისთვის, რაც შეეხება გაგრძელებას, ამაზე ცალსახა შეფასება ჩვენ ვერ გვექნება.

რაც შეეხება მოთხოვნას გადადგომის თაობაზე, მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები