როგორ აშუქებს რუსული მედია სერგეი გავრილოვის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ირგვლივ დღეს განვითარებულ მოვლენებს რუსული საინფორმაციო საშუალებები “ექსტრემისტულს” უწოდებენ და საპროტესტო აქციის მონაწილეებს “ადგილობრივ რადიკალებად” მოიხსენიებენ.
რუსული სააგენტოები – glas.ru; sm-news.ru; aif.ru და ria.ru – მკვეთრად გამოხატული ანტიქართული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან. საინფორმაციო პროპაგანდასა და დეზინფორმაციების უწყვეტ ციკლს საქართველოს მიმართ კი მათ სტატიებში ხშირად შეხვდებით.
​მათ თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებიც არ გამორჩენიათ და საკმაოდ ბევრი სტატია თუ ნიუსი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საოკუპაციო რეჟიმის მხარდამჭერ დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს.
თბილისში საპროტესტო აქციები სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფოტომასალა გავრცელდა, რომ “მართლმადიდებლურ საპარლამეტთაშორისო ასამბლეის” სხდომას გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. შენობა დუმას დეპუტატმა დაცვის საშუალებით დატოვა.
“რია ნოვოსტის” დღის სიახლეებში მინიმუმ 11 სტატია იძებნება დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ყველა მათგანში აქციის მონაწილეები “რადიკალებად” არიან მოხსენიებულნი. ერთ-ერთ სტატიაში ისიც კი უწერიათ, რომ “რადიკალებმა პარლამენტის შენობა ხელში ჩაიგდესო”. თუმცა არცერთ სტატიაში უხსენებიათ ის, თუ რა იყო რეალური მიზეზი ან რატომ გამოიწვია​ გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა ქართული საზოგადოების გაღიზიანება და პროტესტი.

“სმ-ნიუს.რუ” ქართული ოპოზიციური პარტიების წევრებსა და უბრალოდ, აქციის მონაწილე მოქალაქეებს პროვოკატორებად აფასებს და “რია ნოვოსტის” მსგავსად წერს, რომ პარლამენტის ხელში ჩაგდების მცდელობა ექსტრემისტულ ელემენტებს შეიცავდა.


“აიფ.რუ” კი ზემოხსენებული ორი სააგენტოსგან ​გადმოწერილ ტექსტს აწერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სწორედ ქართული მედიისგან მიიღო.

რაც შეეხება, “გლას.რუ”-ს, ის პარლამენტში მომხდარს პოლიტიკურ სკანდალს უწოდებს, ოპოზიციის ქმედებებს დემარშს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დემარშის შედეგი იყო “რადიკალების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირება”.


ეს მცირე ჩამონათვალია, იმ რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერებას. რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს წინაშე ნამდვილად დგას ჰიბრიდული საფრთხეები, რუსული პროპაგანდა კი უფრო და უფრო მძლავრად იდგამს ფესვებს ქართულ საზოგადოებაში.
p.s. ჩვენს ქვეყანაში პრორუსული სატელიტები ჯერ კიდევ არსებობენ, თანაც არაერთი, რომელთაც მაღალი ტრიბუნები თუ უბრალოდ მცირე საეთერო დრო, ნებსით თუ უნებლიეთ მაინც ეთმობათ, ეს კი წყალს სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ასხამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები