„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტია – რა ვერ გათვალეს ორგანიზატორებმა

ორგანიზაციას „ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ , რომლის წევრების გამოჩენას, კერძოდ – საუბარია რუსეთის რადას დეპუტატზე, დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა, საქართველოს პარლამენტი 2013 წელს შუერთდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციით არის წარმოდგენილი.
2014 წელს საქართველო ორგანიზაციის განათლების კომიტეტის ხელმძღვანლად, 2015 წელს კი საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს.
ორგანიზაციაში, რუსი დეპუტატების გარდა, ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტიდან 25 ქვეყანაა გაერთიანებული.
თავად ორგანიზაცია – „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.
მისი მისია საბერძნეთში, ქალაქ ქალკიდიკიში გამართული კონფერენციის – „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“ მონაწილეთა დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ თბილისში სამდღიანი ღონისძიების, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტია.

ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. ისინი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმრო – „რედისონ ბლუ ივერიაში“ დააბინავეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიუჯეტს ეს ღონისძიება საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
თუმცა, როგორც პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა – შოთა გოშაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე პარლამენტის ბიუჯეტიდან არაფერი დაუხარჯავს და სტუმრებმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ „ბუქინგ კომ“-ით თავად დაჯავშნეს.
„ასეთი მასშტაბის ღონისძიებები რამდენიმე თვის წინ იგეგმება და იწერება. პრესსამსახურმა ინფორმაციაც გაავრცელა. რაც შეეხება ხარჯებს – პარლამენტს არაფერი დაუხარჯავს. სტუმრებმა თავად დაჯავშნეს სასტუმრო „ბუქინგ კომით“, სანამ ჩამოვიდოდნენ“, – აცხადებს შოთა გოშაძე.
შესაბამისად, ღონისძიების შესახებ ყველა საკითხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული იყო. ღონისძიება რამდენი ხნის წინ დაიგეგმა და ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
უფრო მეტიც, დელეგაციის წევრების, მათ შორის – რუსეთის რადას დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები.
თუმცა, პარლამენტის წევრების დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ მათ უმრავლესობას ღონისძიების შესახებ ინფორმაცია „არ
ჰქონდა“
ამასთან, დეპუტატების უმრავლესობასა და პარლამენტის თავმჯდომარეს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო დღევანდელი სესია.
ფაქტია, სესიის წამყვანს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც უნდა ყოფილიყო ის, სავარძელი ნამდვილად „სჭირდებოდა“. რუსეთის რადას დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საკუთარი მოხსენების წარსადგენად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი აირჩია და სწორედ იქ მოკალათდა. ამ დროს ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად  ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
კითხვა – დღევანდელი სესიის წამყვანი რუსეთის რადას დეპუტატი, სერგეი გავრილოვი როგორ აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის სკამზე, უპასუხოდ რჩება. თუმცა სესიის წამყვანს სავარძელი რომ ესაჭიროებოდა, ეს აქსიომაა.
„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის სავარძელში სერგეი გავრილოვი, ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო. სავარაუდოდ, იცის მან, ვინც ეს ღონისძიება დაგეგმა“, – განუცხადა პარლამენტის წევრმა, გიორგი კახიანმა „კვირას“.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გავრილოვის სიტყვით გამოსვლას ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა დეპუტატების მხრიდან.
საპარლამენტო უმრავლესობიდან მწვავე განცხადება პირველმა პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გამოხატა:
„რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში, უბრალოდ, გამანადგურა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა კი გავრილოვს სიტყვა შეაწყვეტინეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მიიჭრნენ.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც სესიაში მონაწილეობენ, პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.
ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციას იზიარებს, ასევე, მმართველი გუნდის დიდი ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.
ელენე ხოშტარიამ და სალომე სამადაშვილმა ზურგზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოიხვიეს.
დღევანდელი სესია ჩაიშალა.


აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ სესიის ასეთი ფორმით შეჩერება მოითხოვა და მომხდარი ფაქტს მძიმე შეფასება მისცა.
პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო, „განტევების ვაცი“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აღმოჩნდა და საზოგადოებას ბოდიში მხოლოდ მან მოუხადა.
მისი განცხადებით, მას ამ პოლიტიკურ რისკზე უფრო მეტად უნდა ემუშავა.
ფაქტია, სამდღიანი ღონისძიების ორგანიზატორებმა ვერ გათვალეს უმთავრესი, რომ დელეგაციის წევრებს შორის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, რასაც ქართველების მხრიდან ბუნებრივი რეაქცია მოჰყვებოდა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა.
დღეს კი საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა.
სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები