ზაქარია ქუცნაშვილი ბოდიშს იხდის(ვიდეო)

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის ერთ-ერთი ქართველი ორგანიზატორი საპარლამენტო უმრაველოსობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აღმოჩნდა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ რისკზე უფრო მეტად უნდა ემუშავა.
„რასაც ვუყურებ, საზოგადოების მეტი ნაწილი გაღიზიანდა. მე, ალბათ, მეტი უნდა მემუშავა საერთაშორისო სამდივნოსთან და უნდა დამეზღვია ეს პოლიტიკური რისკი.  დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ ჯობდა, ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, შესაბამისად, არ იყო კარგად გათვლილი. ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე  იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. მისი თქმით, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები