“სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ორანჟერეის მოწყობა ფანტასტიკური იქნება” – გოგა ჩანადირი

“რაღა დაგიმალოთ და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ორანჟერეის მოწყობა ფანტასტიკური იქნება”, – ასე ეხმაურება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას. მისი შეფასებით, თბილისს აკლია მწვანე სივრცეები და ამ პროექტის განხორციელებამ შესაძლოა, ქალაქში სხვა რეკრეაციული ზონების გაჩენას შეუწყოს ხელი.
“იმდენად შეჭამეს ბეტონის ჯუნგლებმა ჩვენი ქალაქი, მიკვირს, თუ სადმე გამოჩნდა ადგილი, სადაც შეიძლება, ხეები დაირგოს. იქნებ, ამან დასაბამიც კი მისცეს ახალი რეკრეაციული ზონების გაჩენას და უფრო მეტი ადამიანი დააფიქროს, თუ რა კარგია სუფთა ჰაერი. სულაც არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც ვაკეში ჩაჭედო კორპუსი და მერე აღმოჩნდეს, რომ ვეღარ სუნთქავ. ეჭვი მაქვს, მოვა დრო, როცა, მშენებლობების გამო, ვაკეში ცხოვრება ყველაზე არაპრესტიჟული იქნება. ხალხი იქით წავა საცხოვრებლად, სადაც უფრო სუფთა გარემო, მეტი მწვანე სივრცე და ბავშვებისათვის სათამაშო ადგილი იქნება. ამ პროექტს მხარს ვუჭერ. კარგი საქმეა და ყვეალანაირად გვერდით დავუდგები. ” – აღნიშნავს გოგა ჩანადირი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები