რატი იონათამიშვილი გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის წევრს, მარკუს შეფერს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრს, პროფესორ მარკუს შეფერს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) მონაწილე ქვეყნების 12-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეალექსანდრე დარახველიძე და გაეროში საქართველოს მისიის წარმომადგენელი ეკა ყიფიანი.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე.

რატი იონათამიშვილმა მარკუს შეფერს გააცნო ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატების ინიცირებით განიხილება პარალმენტში და რომლის მიღებაც სისტემური რეფორმების გატარების საკანონმდებლო გარანტიებს შექმნის.

კერძოდ, სივრცის მოწყობის აღსრულების მექანიზმების მიღება, მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და „უნივერსალური დიზაინის” ეროვნული სტანდარტების შემუშავება.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს CRPD-ის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ეროვნული მექანიზმის შემუშავებაზე. შეხვედრის ბოლოს, მარკუს შეფერი მიესალმა საქართველოში ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისთვის აუცილებელი პროცედურების დაწყებას და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა კომიტეტის ცხრა ახალი წევრი აირჩიეს. მათგან მარკუს შეფერი კომიტეტის პირველი შვეიცარიელი წევრი გახდა.

მარკუს შეფერი არის ბაზელის უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი. ის წამყვანი ექსპერტია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარგში.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი შედგება 18 წევრისგან (ექსპერტისგან) აკვირდება და ხელს უწყობს მონაწილე სახელმწიფოებში CRPD-ის განხორციელებას.

კერძოდ, ის განიხილავს ანგარიშებს სახელმწიფოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

კომენტარები

კომენტარი