„საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში“

თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაში გამოიხატება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ ბიზნესმენებს ბერლინში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მიმზიდველი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაა.
“ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა, ეფექტური ფინანსური სისტემები, სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე.
“პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადგილმდებარეობა არ არის, ასე ვთქვათ, „ახალი“, მისი ინფრასტრუქტურა ნამდვილად ახალია. ჩვენ განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი ინვესტიციები საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურაში. დღეს საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება ევროპასა და აზიას შორის საოცრად მარტივი და იაფფასიანია,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პირობას შექმნის. მანვე ფორუმის მონაწილეები 13 ივლისს თბილისში საქართველო-ევროკავშირის ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია. ქართულ- გერმანულ ბიზნესფორუმს გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები