ირაკლი კობახიძე: აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან სასამართლო რეფორმის კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღაზე” სასიხარულოა აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციის შეფასება. მისივე თქმით, მათი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონპროექტის შინაარსზე ყურადღების გამახვილებაც.
​„გუშინ მოხდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში. მადლობას გადავუხდი ყველა სუბიექტს ძალიან აქტიური ჩართულობისთვის და კონსტრუქციული მიდგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების. მათი კონსტრუქციული და საქმიანი მიდგომა რომ არ ყოფილიყო, ეს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა. დღეს საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცა კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თავად კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე მინიშნება კონსენსუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ თითოეულ პარტნიორს მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის დამტკიცება, არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში.
„ჩვენი საერთო ამოცანა არის სასამართლო დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის შემდეგი გაუმჯობესება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონპროექტი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით იყო მომზადებული. პროცესი გაგრძელდება. უკვე ივლისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება. რაც არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.
​შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს მიესალმებიან, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები