ნოდარ ხადურმა ჰააგაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ჰააგაში ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნოდარ ხადური შეხვდა მოლდოვას ფინანსთა მინისტრს, ანატოლი არაპუს, ასევე მოლდოვას ეროვნული ბანკის მმართველს დორინ დრეგუცანუს. მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაჩქარდება მუშაობა ჩვენს ქვეყნებს შორის „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ ხელშეკრულებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური ასევე შეხვდა ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს. მათ შორის, უკრაინელ და სომეხ კოლეგებს, ასევე ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრს იერონ დისელბლომს. შეხვედრებზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
ნიდერლანდების მხარესთან ასევე განხილვის თემა იყო საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში ითვალისწინებს პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა, შიდა ფინანსური კონტროლი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის სწავლებისა და სემინარების ორგანიზება და ა.შ.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს დედოფალს, მის აღმატებულება დედოფალ მაქსიმას. წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, დედოფალმა მაქსიმამ ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური ზრდის მნიშვნელობაზე. შედგა შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან დიმიტრის ციცირაგოსთან, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების შეხვედრაზე წელს მონაწილეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე და ზრდის ხელშეწყობის გზებზე, მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებულ ამოცანებზე, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.