თამარ ხულორდავამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – ახალგაზრდული პერსპექტივა” კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კონფერენციაში – „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი – ახალგაზრდული პერსპექტივა” მიიღო მონაწილეობა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიღწევები შეაჯამეს.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა ლიდერები, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ბოლო ათმა წელმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ბევრი სიახლოვე და წინსვლა მოიტანა. ამ ურთიერთობების გაღრმავების საფუძველი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა იყო”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის ქვეყნებიც კი, რომელთაც ევროკავშირთან არ აქვთ გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, წარმატებულად აფასებენ გასულ ათ წელს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ მივიღეთ ის, რა ამბიციაც გვქონდა. აღმოსავლეთ პარტნიორობა იძლევა განსხვავებული მიდგომების შესაძლებლობას. ყველას შეუძლია მიიღოს იმდენი ჩართულობა და იმდენი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირის მიმართულებით, რამდენისთვისაც თავად არის მზად”, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს პოლიტიკური მიზანი – გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც უკვე კონსტიტუციით განყარებული ამოცანაა.
თამარ ხულორდავამ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„საქართველომ მიიღო ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან ღრმა პოლიტიკური კავშირის საფუძველია. ასოცირების შეთანხმების ნაწილია ევროპულ ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციაც, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არსებული რეგულირება განაპირობებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული მესამე კონკრეტული შედეგია ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის მაგალითზე – რომ ამ სამმა ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის წინ გაცხადებული მიზანი რეალობად აქცია”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღმოავლეთ პარტნიორობის მომავალზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
„რეგიონთან მჭიდრო კავშირების გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, დრო, ენერგია და რესურსი დავუთმოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეული ქვეყნების კავშირების გაღრმავებას ევროკავშირთან, არამედ ჩვენს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებასაც”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზეც და ასოცირებული ქვეყნების სამომავლო პერსპექტივაზე. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვს ყველა ევროპულ სახელმწიფოს.
„ევროკავშირის შეთანხმების თანახმად, ყველა ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, აქვთ პერსპექტივა და შესაძლებლობა გახდნენ ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ ჩვენთან ცხოვრების სტანდარტი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ, ეს უფრო მეტად არის ქვეყნების საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი.
„ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შიგნით უნდა დავნერგოთ იგივე მაღალი სტანდარტი, ინსტიტუციების სიძლიერისა და საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით ასევე, მიღებული კანონების აღსრულების თვალსაზრისით, რაც დანერგილია ევროკავშირში, რაც ასე მოგვწონს და რაც არის მიზეზი იმისა, რომ გვსურს გავხდეთ ამ სივრცის ნაწილი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, საქართველოს მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში განათლებისა და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობას. ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ერასმუს+”, რომლის ფარგლბშიც ქართველ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ და იმუშაონ ევროპულ უნივერსიტეტებში. „მეამაყება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა პროგრამა Erasmus+ის გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, ცოდნის მიღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება ახალგაზრდებს შორის, აზრთა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რასაც ხელს უწყობს ასეთი საერთაშორისო სტუდენტური და ახალგაზრდული ინიციატივები”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდები საქართველოს პარლამეტში მოიწვია. „საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს კარი იყოველთვის ღიაა თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, რათა ვისაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე, საქართველოს უკეთეს მომავალზე, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ პერსპექტივაზე – ეს არის საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყანა უკეთეს სახელმწიფოდ, ისეთად, როგორიც ჩვენ გვინდა რომ ის ვიხილოთ”, – აცხადებს თამარ ხულორდავა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული 2-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა სესიები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები დასაქმების, აქტიური მოქალაქეობის და ჩართულობის გაძლიერების კუთხით. ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები