ლონდა თოლორაია: ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას

“ვამაყობ ყველა ეტაპზე ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ   რომელიმე ეტაპზე არაკეთილსინდისიერად ან კანონის დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას”, – ასე უპასუხა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ კითხვას.
თოლორაიამ თავისი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არასოდეს მიეკუთვნებოდა არც რთ პოლიტიკურ პარტიას, არ შეუსრულებია არცერთი პოლიტიკური დაკვეთა.
„თავდაპირველად ვიყავი სტაჟიორ – პროკურორი, მერე რიგითი პროკურორი. ამ პერიოდში, ცხადია, მიწევდა როგორც გამოძიების წარმოება, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და ვერ დამისახელებთ სისხლის სამართლის ვერცერთ საქმეს, სადაც პროცესის რომელიმე მონაწილე იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე ეტაპზე თავისი უფლებები დაარღვია. შესაბამისად, არ ვნანობ არცერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე. პირიქით, ვამაყობ ყველა ეტაპზე ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერავინ იტყვის,   რომელიმე ეტაპზე არაკეთილსინდისიერად ან კანონის დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება მეორე ეტაპს – უკვე გახლდით მენეჯერი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტში და აქაც თქვენ ნახავთ ჩემ მიერ ხელმოწერილ არაერთ დოკუმენტს, რომელიც გენერალურ ინსპექციაში არის გაგზავნილი. მათ მე ვატყობინებდი პროკურორთა გადაცდომის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ის იერარქიული და პროფესიული წარმატება, რომელიც ამ სისტემაში მქონდა, იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზის დამსახურება – ,ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს, ლონდა თოლორაიას დღეს შემდეგი კითხვით მიმართა: თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანს, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი და იმედისმომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ, გახდეთ ინსპექტორი?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები