საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატად ფინელი ტიმო ვიჰერკენტა დასახელდა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატად ფინეთში მოღვაწე, პროფესიით იურისტი ტიმო ვიჰერკენტა დასახლდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
ტიმო ვიჰერკენტა 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO), რომლის აქტივების მიმდინარე მოცულობა 20 მილიარდ ევრომდეა.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ლექტორი და მკვლევარი ჰელსინკისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში (1983 – 1991) და იყო საგადასახადო სამართლის პროფესორი ჰელსინკის უნივერსიტეტში (1992-1993).
ტიმო ვიჰერკენტა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ფინეთის ფინანსთა სამინისტროში (1987 – 2002 და 2015), მათ შორის, იყო საერთაშორისო საგადასახადო საკითხების დირექტორი; ბიზნესის დაბეგვრის საკითხების დირექტორი და, ასევე, გენერალური დირექტორი საბიუჯეტო საკითხებში.
2010-2015 წლებში ტიმო ვიჰერკენტა იყო უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე.
ტიმო ვიჰერკენტა სხვადასხვა დროს იყო კომპანიების, ასოციაციებისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მმართველი ან სამეთვალყურეო საბჭოების წევრი.
მას მიღებული აქვს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები სამართალში ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.
ტიმო ვიჰერკენტას გამოქვეყნებული აქვს ათეულობით პუბლიკაცია ეკონომიკური მიმართულების ჟურნალებში ფინური და უცხოური კომპანიების საგადასახადო საკითხებზე, ასევე, იგი არის ორი წიგნის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი გამოვლინდა, რომელთა მონაცემები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები