საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთ-ერთი კანდიდატი ჟან-ფრედერიკ პაულსენია, რომელიც ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის 5 კანდიდატიდან ერთ-ერთი საქართველოში მოღვაწე ჟან-ფრედერიკ პაულსენია, რომელიც 2017 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, ჟან-ფრედერიკ პაულსენი 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე).
2012 – 2017 წლებში ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის ბრიტანული კომპანიის TPFF Asset Management -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო და რისკის პოლიტიკის შემუშავებაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
2014-2017 წლებში ჟან-ფრედერიკ პაულსენი არის ქართული კომპანიის Wellington LLC -ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მეწარმეობა სხვადასხვა ბიზნესსექტორში (სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები).
2007-2013 წლებში ჟან-ფრედერიკ პაულსენი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ჰონგ-კონგში, როგორც ბიზნესანალიტიკოსად, ასევე – ფინანსურ მენეჯერად.
გარდა ამისა, მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში პარიზის ევროპულ ბიზნეს სკოლაში და მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და საბუღალტრო აღრიცხვაში, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი გამოვლინდა, რომელთა მონაცემები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით).