საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის 5 კანდიდატიდან ერთადერთი ქართველი დავით წიკლაურია
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის 5 კანდიდატიდან ერთადერთი ქართველი დავით წიკლაურია, რომელიც 2019 წლის აპრილის ჩათვლით “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა – ამის შესახებ „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
დავით წიკლაურს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე – დიდ ბრიტანეთში.
დავით წიკლაური მუშაობდა საქართველოს ბანკში (2017-2019) მთავარი ფინანსური ოფიცრისა და მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობებზე, სადაც ხელმძღვანელობდა მთელ რიგ მიმართულებებს, მათ შორის, საინვესტიციო-საბანკო, კაპიტალის ბაზრის, აქტივებისა და პასივების მართვის მიმართულებებს.
2014 – 2016 წლებში დავით წიკლაური იკავებდა „თიბისი ბანკის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობას კორპორატიული საბანკო მიმართულებით. იგი, ასევე, აქტიურად იყო ჩართული თიბისი ბანკის საინვესტიციო-საბანკო მიმართულების განვითარებაში და “თიბისი კაპიტალის” ჩამოყალიბებასა და რამოდენიმე წარმატებულ ტრანზაქციაში ამავე მიმართულებით.
საქართველოში დაბრუნებამდე (2008-2014), დავით წიკლაური მუშაობდა Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში, თავიდან თანამშრომლის რანგში კაპიტალის ბაზრის საკრედიტო ინსტრუმენტების მიმართულებით, ხოლო შემდგომ, – ვიცეპრეზიდენტის რანგში კაპიტალის ბაზრისა და სახაზინო პროდუქტების მიმართულებით.
გარდა ამისა, მას მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები სატელეკომუნიკაციო საინჟინრო მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლიდან 2008 წელს.
დავით წიკლაური სხვადსხვა დროს საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოსა და ბელორუსის სახალხო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი გამოვლინდა, რომელთა მონაცემები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით).