ირაკლი კობახიძე: ოპონენტების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები კეთდება, რასაც მიჩვეულები ვართ

“კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში, მიჩვეულნი ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა”,-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“მეორე ტური, თავისთავად, დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა. პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დარწმუნებულები ვართ დამაჯერებელ გამარჯვებაში. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით, 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში, იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ.
31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს, შეფერხების გარეშე გაიხსნა, რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში, მიჩვეულნი ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით, რის ნიშანიც არის ეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები გამარჯვებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას. დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები