დავით ბაქრაძე: მხარი დავუჭირე ცვლილებებს და უკეთესობას

“მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას და მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგებათ მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მთაწმინდელებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
​როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლებისთვის ყველაფერი თვალსაჩინო და ნათელია.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებასა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებითა და პროფესიონალიზმით.
ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სრულიად ნათელი და გასაგები“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 – შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 – ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები