“შემოვდივართ წინადადებით, რომ კომუნიკაცია ინვესტორსა და მოსახლეობას შორის იყო მეტად მოწესრიგებული და რეგლამენტირებული”

„საქართველოში უნდა აშენდეს წიაღისეულის გადამამუშავებელი მეტი საწარმო და ინვესტირება ამ კუთხით უფრო მეტად უნდა განხორციელდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამას აქვს  თავისი სოციალური ზემოქმედება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს აქვს წინადადება, რომ ეს პროცესი იყოს მეტად მოწესრიგებული, მათ შორის – კომუნიკაცია მოსახლეობასა და ინვესტორს შორის იყოს უფრო მეტად რეგლამენტირებული, რადგან დღეს ამ მიმართულებით კანონმდებლობა ბოლომდე დახვეწილი არ  არის.
„უნდა ავამაღლოთ სოციალური სტანდარტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, კომუნიკაცია კონკრეტული პროექტების ფარგლებში უნდა იყოს იმავე დონეზე, რა დონეზეც გვაქვს გარემოსდაცვითი სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, შევძლებთ, რომ ერთის მხრივ ინვესტორიც იყოს უფრო პასუხისმგებლიანად განწყობილი და იყოს მზად იმ დამატებითი ხარჯებისა  და იმ დამატებითი პროგრამებისთვის, რაც კონკრეტული პროექტის არეალში სოციალური პროგრამების განხორციელებას დასჭირდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაც იქნება უფრო მეტად ორგანიზებული და ფოკუსირებული კონკრეტულად თავის საჭიროებებზე.
,,ეს პროცესი, მათ შორის კომუნიკაციისა, არ გაგრძელდება უსასრულოდ და დასრულდება ინვესტიციით, დასრულდება განხორციელებული პროექტითა და დამატებითი სამუშაო ადგილით. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა, რომელიც გვსურს, კანონმდებლობით დავაფიქსიროთ და გარკვეულწილად სავალდებულო, მოწესრიგებული ხასიათი მივანიჭოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სოციალური პასუხიმგებლობა წარმოადგენს მოპოვების პროცესის უარყოფითი გავლენების შემცირების მიზნით მომპოვებელი კომპანიის ქმედებას/ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.
„დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა პოზიტიური ნაბიჯი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები