თეა წულუკიანი: GITI-მ შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივად მუშაობს

0

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური IT პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარება − ეს რეგიონული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, წლევანდელი მე-11 კონფერენცია 4 ივნისს დაიწყო და ის ტრადიციულად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.
უწყების განმარტებით, იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორებიცაა: ელექტრონული მმართველობის განვითარება, მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების ერთიანი პლატფორმის (My.gov.ge) ფუნქციონირება, ელექტრონული დეკლარირების სისტემა, ელექტრონული აუქციონი და შესყიდვები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება, შეუძლებელი იქნებოდა IT ტექნოლოგიების განვითარების გარეშე:
„თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია ამა თუ იმ ორგანიზაციისა თუ ქვეყნის სრულყოფილი ფუნქციონირება. ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი წილი მოდის IT სფეროზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში. ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სმართ ლოჯიქის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებზეც, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე − დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს მოშორებულ პატარა სოფლებში − ერთნაირად მაღალი სტანდარტით გასცემს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს, რაც სწორედ ტექნოლოგიების განვითარების შედეგია.
უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მოწინავე ადგილზეა, ბიზნესის ონლაინრეგისტრაცია კი  ინოვაციური მომსახურებაა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველომ, როგორც თანამედროვე ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურებისა თუ სხვა მიმართულებების განვითარება, ამ პროცესში კი  კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა განუზომლად დიდია.
„საქართველოს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას. ამ მიმართულებით მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ძალისხმევით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამჟამადაც ხორციელდება. GITI ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივად ვიმუშაოთ“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გარეშე.
„დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და, ფაქტობრივად, ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, ეს პროცესი კი, მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, როგორც ელექტრონული მმართველობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარული ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია“, − განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.
მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრება და ის მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების მეორე დღეს, 5 ივნისს  მონაწილეები კიბერუსაფრთხოების სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების პრეზენტაციებს მოისმენენ.
კონფერენცია საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. 15 ნომინაციაში წელს საჯარო და კერძო სექტორის 20 პროექტია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი