ივანე მაჭავარიანი: სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

“სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს”,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონსა და აქ მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებმაც არ მიატოვეს ეს ულამაზესი კუთხე, უძლებენ ყველა გაჭირვებას, ბუნების სიმკაცრეს და ფხიზლად დარაჯობენ ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს და მათ მადლობა გადაუხადა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, გაწეული სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

„მადლობა ჩვენს დღევანდელ მასპინძლებს, „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და მათთან ერთად, ყველა მათ კოლეგას მთელ ქვეყანაში, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და განვითარებას. დღეს ჩვენი სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს არაერთ მათგანს. ვისურვებდი, რომ დღევანდელი მათი დაჯილდოება აღვიქვათ, როგორც დაფასება იმ ღირსებებისა, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის სამაგალითო უნდა იყოს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში „ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია – „ეს დღე ჩვენია”. 2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება, ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები