უცხოელი სპეციალისტები გურიის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნენ
ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ უცხოელ სტუმრებს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერებინა, რომელიც მავნებელთან საბრძოლველად არის მობილიზებული.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, იმყოფებოდნენ [U1] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც მონიტორინგის შედეგებსა და მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს გაეცნენ. მათი შეფასებით, ქართული მხარის მიერ მავნებლის წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები ეფექტიანია და საქართველოს გამოცდილებას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აქტიურად გაიზიარებენ.
ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ტექნოლოგია ეფექტიანია.
„შთამბეჭდავია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიის ხილვა. ვნახეთ მექანიკური პროცედურები, ღონისძიებების მიმდინარეობისას და შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ნამდვილად ეფექტიანია. ეს თანამედროვე ტექნიკა არის სრულიად განსხვავებული და ჩვენ დეტალურად გავეცნობით, როგორ გამოიყენება ის ღონისძიებების პროცესში”,- განაცხადა ქეთრინ დათიმ.