დეპუტატებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა იწყება, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას ითვალისწინებს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა – „კომპანიების პერსპექტივიდან“, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამა საჯარო-კერძო დიალოგის ბრიტანულ მოდელს ეფუძნება და დეპუტატთა ვიზიტების კერძო კომპანიებში სერიას მოიცავს.
ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს კანონმდებლებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას.
პროგრამის პირველი აქტივობა, საქართველოს ტყის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით, მიეძღვნა თემას – „ტყის რესურსების მართვა და მწვანე დაფინანსება“, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“ – ფარგლებში.
კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, კომიტეტის წევრების პირველი ვიზიტი, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ გაიმართა, სადაც დეპუტატები ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და BEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
„მსგავსი ფორმატები საინტერესო და მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის უკეთესად დაგეგმვისათვის. თავის მხრივ, მნიშვნელოვანი და სენსიტიურია ის საკითხიც, რომელზეც შევიკრიბეთ. უკვე ორშაბათს ვგეგმავთ ტყის კოდექსის პროექტზე პირველ მოსმენას, პრინციპების დონეზე. შედეგი, საბოლოოდ, ტყის ახალი კოდექსის მიღებაა, რომელიც მდგრადი მართვის თანამედროვე პრინციპებს დანერგავს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, იმ შედეგამდე მივალთ, რომელიც, მეტ-ნაკლებად, მისაღები იქნება ყველასათვის. იმედია, ისეთ ფუნდამენტს ჩავყრით, რომელიც შეუქცევადი იქნება შემდგომი ცვლილებებისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
გარდა ამისა, კახა კუჭავამ “მწვანე ეკონომიკის”, მათ შორის, “მწვანე დაფინანსების” მნიშვნელობასა და ამ სექტორის საკანონმდებლო უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, კომიტეტი, თავის მხრივ, მზადაა, ხელი შეუწყოს ყველა იმ იდეის განხორციელებას, რომელიც “მწვანე ეკონომიკას” უკავშირდება.
ნათია კაციაშვილმა პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კანონმდებლებს, გაიაზრონ კერძო სექტორის საჭიროებები და ეკონომიკური კანონმდებლობის განხილვის პროცესში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ კერძო სექტორის მოსაზრებები.
ამავე დროს, ეკონომიკური კანონმდებლობის შემუშავებაზე უზრუნველყოფილი იყოს ინტერესთა ჯგუფების ინკლუზიური ჩართულობა.
შეხვედრაზე მოისმინეს ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის მანუჩარ ჩიტაიშვილის მოსაზრებები საქართველოში “მწვანე დაფინანსების” კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, “მწვანე დაფინანსების” საუკეთესო პრაქტიკებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
დეპუტატები, ასევე, ალტერნატიული, ბიოსაწვავის – ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ ხელმძღვანელ ირაკლი შანიძეს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პროგრამის დირექტორ ჰანს-იოაკიმ ლიპს, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტ რამაზ გერლიანს შეხვდნენ.
კანონმდებლებმა, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოში ტყის რესურსებისა და ხე-ტყის ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე იმსჯელეს; მდგრადი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობისათვის, მწვანე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე.
მათ საქართველოს ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხზე უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში დაგეგმილია პროგრამის შემდეგი აქტივობა თემაზე – „წყლის რესურსების მდგრადი მართვა“, შესაბამისად, გაგრძელდება კომიტეტის წევრების სტუმრობა შესაბამისი პროფილის კერძო კომპანიებში.
პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ხელშეწყობით და ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები