ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი ბიზნეს გარემო შეიქმნას
ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნეს გარემო შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში გამართულ საერთაშორისო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის.
“დღევანდელი ჩვენი შეკრება მიზნად ისახავს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეში ინვესტიციების მოზიდვას. ინვესტორების, ბიზნესპარტნიორების მოძიებას, მათ ინფორმირებას და დაინტერესებას. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის სასიხარულოა, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები – ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. ჩვენ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ გვსურს დემოკრატიული, თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა. ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწესრიგებული და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა დაისახა. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და ამის დადასტურებაა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზებიების კვლევის შედეგები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგებში საქართველო ისევ წამყვან პოზიციებზეა – მე-8 ადგილზე 189 ქვეყანას შორის, მათ შორის მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციისა და ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით ამ შედეგით და მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი – მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვმუშაობთ რომ მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემო შეიქმნას. ამის ყველა წინაპირობა არსებობს საქართველოში. ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ ბიზნესგარემოს და რაც მთავარია, ხალხის კეთილდღეობა სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვზრუნავთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
“ჩვენ ახლა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში ვიმყოფებით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ერთ-ერთი დიდი პოტენციალი აქვს, აქ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური განვითარების დიდ პერსპექტივას ანაკლიის პორტის სახით. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთვის მთავარია ყველა პროექტი კარგად იყოს შესწავლილი და რეალურად გათვლილი იყოს სარგებლის მოტანა. ამიტომ საერთაშორისო კვალიფიკაციის საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიები ატარებენ ამჟამად პროექტის დეტალურ კვლევას, რისი შედეგებიც უახლოეს მომავალში გვექნება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი მოიტანს ძალიან ბევრ სასიკეთო შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიასთან. წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონები. ასევე უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი და ჩვენ გვინდა, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტთან ვაქციოდ. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთლიანად ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით”, – აღნიშნა პრემიერმა.