სოზარ სუბარი: ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს

„ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ სადმე მეორე ტური იქნება, ძალიან დიდი უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს.
“დამთავრდა შუალედური არჩევნები, შუალედური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მიუხედავად ჩვენი ოპონენტების, “ნაციონალურ მოძრაობას ” ვგულისხმობ, ძალისხმევისა და მუქარისა, არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე. ამაზე მეტყველებს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, ისე საჩივრების ძალიან მცირე რაოდენობა.
მცდელობა იყო ძალიან სერიოზული და ეს ჩანდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების განცხადებებიდან, რომ მათ მიზანი იყო არა არჩევნების ჩატარება, არამედ არეულობის მოწყობა და ეს იგეგმებოდა ზუგდიდიდან, მაგრამ ზუგდიდშიც და სხვაგანაც არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად.
ამ წუთში არ შევუდგები იმის თქმას, სად რა შედეგია. დათვლა უკვე დაიწყო და ალბათ, სჯობს, ორი-სამი საათი მოვითმინოთ და დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში კი არა, ყველა ოლქში არჩევნები დამთავრდა პირველივე ტურში და დამთავრდა ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით. თუ მოხდა ისე, რომ ერთ-ორ ოლქში გადავიდა მეორე ტურში, ესეც პრობლემა არ არის, ბუნებრივია.
ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სადმე თუ მეორე ტური იქნება, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. შეიძლება ეს მეორე ტური იყოს მთაწმინდაც,ზუგდიდიც, თუმცა ამ წუთებში მე რაც ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელია, რაღაც რეცეპტორები ზოგჯერ გვატყუებდნენ. ვიმეორებ, თუ მეორე ტური იქნება, უპირატესობა არის ძალიან დიდი, ჩემი ვარაუდით, 10% ჩვენს კანდიდატსა და ოპოზიციის კანდიდატს შორის“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები