ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირებასა და ზედამხედველობაზე კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრსა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ააშენებს. ამ დროისთვის, ზუგდიდში არ არსებობს საკმარისი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, წარმოადგინონ თავიანთი იდეები, დანერგონ სიახლეები, იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით და იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სწორედ ასეთი სივრცის შექმნის მიზნით, იგეგმება ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში, მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლეზე ექნება.
მუნიციპალური განვითარების ფონდს ზუგდიდში, გარდა ბიბლიოთეკის მშენებლობისა, დაგეგმილი აქვს ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია და სპორტკომპლექსის მშენებლობა. ასევე, ფონდი უკვე ახორციელებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას.