დაბა თიანეთში, სოფელ ჭურჭელაურების გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მხარის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო.

როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა თიანეთი-სოფელი ჭურჭელაურების დამაკავშირებელ, მუნიციპალური მნიშვნელობის გზას. ამ დროისთვის, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუძლია, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.

აქტიურად მიმდინარეობს ჟებოტის მრავალფუნქციური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობაში ბიბლიოთეკა, ამბულატორია და მაჟორიტარის ოთახები განთავსდება. რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლს და მრავალსართულიან საერთო საცხოვრებელ კორპუსებს დაბა თიანეთში. ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ სიმონიანთხევში.

„დღეს, თიანეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოვინახულეთ. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეტაპობრივად დაიწყება ახალი პროექტების განხორციელება. 2019 წელს მუნიციპალიტეტში კეთილმოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა რეგიონში მიმდინარე პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები