ხულოს სამხატვრო გალერეაში ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია გაიმართა
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხულოს სამხატვრო გალერეაში გამართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია. მოგზაურებს 3-დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეეძლებათ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპობრივად ხორციელდება.
– ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი;
– ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი;
– ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი;
– გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი.
წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება”,-ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.