“ჯორჯიან მანგანეზი”: კომპანიის მენეჯმენტი მზად არის ნებისმიერ დროს განაგრძოს მოლაპარაკებები
“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხის დროულ გადაწყვეტას და მზად არის, ნებისმიერ დროს განაგრძოს მოლაპარაკებები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიის სპეციალურმა მმართველმა დღეს გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრაზე, მოისმინა მათი მოთხოვნები და წამოჭრილი 7 საკითხიდან 6 ადგილზე დააკმაყოფილა.
“კვირა” შპს “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ 17 მაისს ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა პროტესტის მონაწილეებთან, სადაც განიხილა დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა. მოთხოვნებს შორის იყო როგორც სოციალური, ასევე ეკოლოგიური საკითხები. კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე პირებს დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და შვიდი საკითხიდან ექვსი მოთხოვნა ადგილზე დააკმაყოფილა. რაც შეეხება მეშვიდე, ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მასთან დაკავშირებით, სპეციალურ მმართველს გააჩნია ეფექტიანი ხედვა და გეგმა ამ პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად, რომლის რეალიზებისათვის გეგმავს კომპანიის აქციონერებისა და სახელმწიფოს ჩართულობას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეძლებს პროტესტის მონაწილეთა მოლაპარაკების პროცესში ჩართვას, მედიაციის პროცედურის შესაბამისად და ამით დახმარებას აღმოუჩენს ორივე მხარეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევაში. გვსურს, ხაზი გავუსვათ მედიაციის პროცესის მნიშვნელობას კომპანიისთვის და მისი მთელი კოლექტივისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას, რაც მონაწილე ორივე მხარეს თავიდან აგვარიდებს თანმდევ საზიანო შედეგებს.
ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მზად არის, ნებისმიერი დროს განაგრძოს მოლაპარაკებები და განიხილოს წინადადებები როგორც მედიაციის, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატში, დარჩენილი ბოლო მე-7 საკითხის შესათანხმებლად.