“გაყალბების გარეშე თუ დამარცხდება, დამარცხება უნდა აღიაროს დამარცხებულმა” – ნიკა გვარამია რულოვსზე (ვიდეო)
“მე არ მგონია, რომ 5000 ადამიანის ასე ჩამოყვანა შესაძლებელი იყოს ქალაქში და ზოგადად, დესტაბილიზაციები არ მიყვარს”, – ამის შესახებ რუსთავი2-ს გენერალურმა დირექტორმა, ზუგდიდში “კვირასთან” განაცხადა. ნიკა გვარამია გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან სამეგერლოში დაგეგმილ შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, “ოცნების” განცხადებას გამოეხმაურა:
“იცით მე საიდან ვარ წარმოშობით, სოხუმში დავიბადე, მაგრამ ზუგდიდელი ვარ და ჩემი კუთხიდან, ერთი ადამიანი ამ დესტაბილიზაციით ქვეყნიდან გააგდეს, ზვიად გამსახურდიაზე ვამბობ და მერე, მისი ცხოვრება როგორ დასრულდა, ეგეც ვიცით ყველამ…მე არ მიყვარს და არასდროს დავუჭერ მხარს სახელმწიფო გადატრიალებას…
სანდრა რულოვსი გაყალბების გარეშე თუ დამარცხდება, დამარცხება უნდა აღიაროს დამარცხებულმა”, – აღნიშნა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე განცხადებები მმართველი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს. ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რულოვსის მხარდამჭერები “აგრესიულად და დესტრუქციულად” იქცევიან და სამეგრელოში პროვოკაციებს გეგმავენ:
“ზუგდიდში ჩამოდის 5 ათასი დამკვირვებელი და მათგან 3 ათასი იქნება სხვადასხვა საფარქვეშ სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებში. ნათელია ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა რისთვისაც ემზადება “ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებული არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან აგრესიულად და დესტრუქციულად. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ არჩევნების ბატალიების მოუხედავად, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ იმ პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია კანონმდებლობაში”, – განაცხადა ჩიქოვანმა.