“სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტების კითხვას, რამ მისცა გიორგი ქობულიას სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის არსებობაზე საუბრის საბაბი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, თეორიული საუბრის ნაცვლად, უნდა დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, თუ ასეთები არსებობს და ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.
“მე არაერთი კომენტარი გავაკეთე გიორგი ქობულიას გამონათქვამებზე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ. ზოგადად, ჩვენ მართვაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები. ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მთავრობის ბოლო სხდომაზე ჩემ მიერ მოტანილი კონკრეტული სტატისტიკა ამის ყველაზე მყარი არგუმენტია. რაც შეეხება თეორიებზე საუბარს – სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოს. შემიძლია, დაგპირდეთ, რომ როდესაც კონკრეტული ფაქტი იქნება, რომ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა – რა დონეზე, გარეულია კორუფციაში, ჩვენ და კანონი ვიქნებით ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია, მივცე ყველას და სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.