საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება

0

საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შარტავას ქუჩა N16, მიცკევიჩის ქუჩა N14, ყაზბეგის გამზირი N3ა, N3-ში და კოსტავას ქუჩა N75-ში მიმდინარეობს, სადაც წყალარინების ქსელი და საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება.
აღნიშნულ მისამართებზე, დაახლოებით, 273 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
პროექტების ფარგლებში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის – ვაჟა-ფშაველას გამზირი N14-სა და ამბროლაურის ქუჩა N166-ის მე-7 კორპუსში.
მიცკევიჩის ქუჩაზე, N29 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩა N43-ში ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთება კი ცინცაძის N85-ში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, რაიონში ცხრა ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში ლიფტების კაბინები, ელექტროძრავა, ბაგირი და კარები შეიცვლება.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 725 153 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი