ანზორ ბოლქვაძე: კომუნისტების დროს შეძენილი რესტორნის ადგილას “ხულოს სამხატვრო გალერეა” გაიხსნა

0

ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე “ხულოს სამხატვრო გალერეასთან” დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, კომუნისტების დროს შეძენილი რესტორნის ადგილას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულსა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ხულოს სამხატვრო გალერეა გაიხსნა.
​მისივე თქმით, გალერეაში დასაქმებულია 4 ადამიანი, მათ შორის – მისი მეუღლეც, რომლის ანაზღაურება მინიმალურია – 260 ლარი.
“ვეხმაურები ყოფილი პრეზიდენტის კომენტარს “ხულოს სამხატვრო გალერეასთან” დაკავშირებით.
2003 წელს, როდესაც მე ვეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ თეიმურაზ კომახიძესთან ერთად, რომელიც ჩემი სწავლის პერიოდში იყო ქ.ბათუმის ინდუსტრიული სასწავლებლის დირექტორი, აღნიშნული დროისთვის კი აჭარის ა.რ.კულტურის მინისტრი, გადავწყვიტეთ, სამხატვრო გალერეის გახსნა ხულოში. შევიძინეთ კომუნისტებისდროინდელი, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი რესტორნის ფართი 500 მ2 . პირადად ჩემი და თეიმურაზ კომახიძის მიერ მოხდა მისი რესტავრაცია და გაიხსნა გამგეობის სტრუქტურულ ერთეულსა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული “ხულოს სამხატვრო გალერეა”, რომლის დირექტორად დაინიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის საპატიო წევრი, ცნობილი და დამსახურებული მხატვარი – სიმონ ართმელაძე. სამხატვრო გალერეის გახსნისთანავე იქვე განთავსდა სამხატვრო სკოლა, სადაც პირველად სამი მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი 70 მოსწავლე ეუფლება მხატვრობის საწყისებს და ამ სკოლის აღზრდილები დღეისათვის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან. “ხულოს გალერეაში” ერთ სივრცეშია წარმოდგენილი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობა. იქ მისულ დამთვალიერებელს ექმნება სრულფასოვანი შთაბეჭდილება თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე.
გალერეის შენობაში ეწყობა გამოფენები, იმართება ღონისძიებები, მიდის უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი. იწერება შთაბეჭდილებები, ეს სივრცე წარმოაჩენს ჩვენი ხალხის შემოქმედებასა და ყოფით კულტურას. დასაქმებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი გახლავთ ჩემი მეუღლე, რომელიც ხელფასის სახით იღებს მინიმალურ ანაზღაურებას – 260 ლარს.
“ხულოს სამხატვრო გალერეის” გარდა, იმ პერიოდში ბატონ თეიმურაზ კომახიძისა და პირადად ჩემი მონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდა სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს, ნიგაზეულისა და თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს. რესტავრაცია ჩაუტარდა ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის სასაფლაოს, ბაკოში, სერიყანაში დაიდგა თავისკვეთის მემორიალი, გაკეთდა ხიხანის ციხესთან ასასვლელი 1350 მ. სიგრძის ბილიკი რომელიც, დღესაც ციხესთან ერთადერთი ასასვლელია. ჩამოთვლილი ძეგლები დღეს ტურისტების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ყველაფერში ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩემი ხალხი. მათი შრომითა და ოფლით არის მოპოვებული ეს ყოველივე, ამიტომაც მათ უკეთ იციან სიმართლე და არიან სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები”, – წერს ანზორ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ​სააკაშვილმა 12 მაისს მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმ, ანზორ ბოლქვაძემ ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა. სააკაშვილის შეფასებით, “ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ “ხულოს სამხატვრო გალერეა” რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან”.

კომენტარები

კომენტარი