გლდანში ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გალაქტიონ ბუაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შედეგად 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.

„ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.

„მორის ფოცხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 5 000 კვ. მეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ტროტუარი და ბორდიური. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური განათების ქსელი დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მომავალში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ  როგორც საქალაქო სამსახურის, ასევე, გამგეობების მიერ“, – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.

ფოცხიშვილის ქუჩაზე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები