თბილისის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის 10 ქუჩისთვის ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელების დარქმევასთან დაკავშირებული ინიციატივა ქართული კინოს 111 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჟღერა.

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს ნამდვილად იმსახურებენ, რომ დედაქალაქში მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან კინოხელოვანებს ქართული კინოს 111 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ საკრებულოში ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა მისთვის დიდი პატივია. გიორგი ტყემალაძის თქმით, ქართველი კინოხელოვანების ღვაწლის დაფასება აუცილებელია და საკრებულოს ინიციატივა, სწორედ მათი სახელების უკვდავყოფას ემსახურება.

როგორც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისის ქუჩებისთვის ქართველი კინომსახიობების და რეჟისორების სახელების მინიჭება მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიებაზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ცნობილი კინოპერსონაჟების კოსტიუმები გამოიფინა. საღამოს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი აფორმებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები