საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს, ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებითა და ბორდერიზაციით ვერ შეაჩერებს.
ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიას უკეთ ესმის, რა სახეს ატარებს რუსეთთან კონფლიქტი და იგი ეხმარება საქართველოს, რათა დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა რეალურად გააცნობიერონ, რას ნიშნავს საქართველოსათვის ოკუპაცია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გავაძლიეროთ მთლიანად ევროპის კონსოლიდაცია. საქართველო წინ მიდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ჩანაწერი უკვე საქართველოს კონსტიტუციაშიც არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მცირედით არ დაკმაყოფილდება და მას ევროკავშირის მხრიდან რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები სჭირდება და თუ ევროკავშირი ყველასათვის ზოგად, ერთიან ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს სჭირდება მხოლოდ ინდივიდური მიდგომა, რათა განხორციელდეს ევროკავშირში სექტორული გაწევრიანება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთმა ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს.
საქართველოს მისწრაფებები შეუქცევადია. ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვია საქართველოს საუკეთესო მეგობრად და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად აღიარებს, ამიტომ მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქარველოს მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს და ევროპის პოლიტიკა მასზე სხვაგვარად უნდა აისახოს. საუბარი შეეხო ლატვია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობებს, საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებს, ქართულ დიასპორასა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის გარჩევა დეზინფორმაციისაგან.