მიქაელ ბოტკოველი თამრიკო ჭოხონელიძეს – „მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეხედულება”

„17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძართან დაგეგმილი კონცერტი ძალადობისკენ არ არის მიმართული“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
ამასთან, დეკანოზი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„გარკვეული გაუგებრობა შემოიტანა მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცედურამ და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ვნებათაღელვა. კონცერტში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, არის ნებაყოფლობითი. ვისაც ესმის, რომ ეს არ არის მიმართული ძალადობისკენ, მისთვის იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა ისეთი მოსაზრება, რომ თავი უნდა შეიკავოს. გუშინ მოვისმინეთ, მაგალითად, თამარ ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს მისი მოსაზრებაა და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეხედულება. მე ვერ ჩამოგითვლით, ზუსტად ვინ არიან მონაწილეები. ერთი ვიცით, რომ სუხიშვილები იქნებიან. ამ შეთავაზებებით „დავითიანი“ იყო დაკავებული“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისათვის, თამრიკო ჭოხონელიძემ საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მომღერლის შეფასებით, 17 მაისის კონცერტი საპატრიარქოს პოლიტიკაა.
ამასთან, თამრიკო ჭოხონელიძე საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ კონცერტს საეჭვოდ მიიჩნევს, რადგან იმავე დღეს, აღნიშნული კონცერტის პარალელურად, ლგბტ პირების აქციაც იმართება.
„ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს 17 მაისი“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები