იუსტიციის მინისტრმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მან შუახევის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე, კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება.
“შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (სხეფი, ჩანჩხალო, დაბაძველი, ბესელაშვილები, დვანი, ოლადაური, ნენია, ბუთურაული, ფურტიო და ნიგაზეული) 6 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
ცენტრში შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კერძო სტრუქტურების სერვისებით, პრობაციონერთათვის კი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც იქნება შესაძლებელი. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის ინიციატივაა, რომლის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების მიმართ სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრა.
საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით – 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.
ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, შუახევის, ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.
​საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 64 საზოგადოებრივ ცენტრში, ამ დრომდე, 1 მილიონზე მეტი სერვისი გაიცა”,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები