დავით საგანელიძემ PABSEC-ს საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობა მიიღო

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომებში მონაწილეობს. დავით საგანელიძე სამუშაო სხდომებს “ერთი სარტყელი, ერთი გზის” პროექტებში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრება.

როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, PABSEC-ს იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა, ასევე, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის კომიტეტებზე დელეგატები მსჯელობენ თემებზე – „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, “სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში”.

„PABSEC-ს საკომიტეტო სხდომის ფორმატში, განვიხილეთ საქართველოსთან, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, აგრეთვე, ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს როლის გაზრდა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

PABSEC-ს სხდომაზე დელეგატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებასა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაციის შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების პერსპექტივებსაც.

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი მსჯელობს. კომიტეტების სხდომებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა – ასაფ ჰაჯიევმა, PABSEC-ს ვიცეპრეზიდენტმა – ოთარ დანელიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა -თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები