“ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს”

„ყაზახეთი ჩვენი ტრადიციული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ნებას, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ არამარტო ორმხრივ ვაჭრობაზე და სატრანსპორტო მიმოსვლის გაფართოებაზე, არამედ – ერთობლივ ინვესტიციებზეც”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც ყაზახეთში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
მინისტრის განცხადებით, საქართველო ყველა ინვესტორსა და მათ შორის ყაზახეთის წარმომადგენლებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.
მისივე თქმით, ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს, მათ შორის – ლოგისტიკის, ვაჭრობისა და გადამუშავების სფეროში.
„გადამუშავების სფეროს რაც შეეხება – ყაზახეთს ამოცანა აქვს, თავისი სანავთობო და ნავთობგადამამუშვებელი ინდუსტრიის დივერსიფიკაცია მოახდინოს და გადამუშავების შემდგომი ეტაპები და მასთან დაკავშირებული წარმოებები, მაგალითად – ნავთობქიმია და გაზოქიმია ერთობლივად განავითაროს, მათ შორის – საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა მინისტრმა.
ქართულ-ყაზახურმა მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის – სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი და, შესაბამისად, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა ორი მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი – სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზაციისა და ხელშეწყობის, ასევე, ტვირთბრუნვის გაფართოებისა და დამატებით საექსპორტო-საიმპორტო საქონლის გამოვლენის მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში, მათ შორის – ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა – სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ამ თემაზე იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები