პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისათვის, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ავტომობილშია გადაღებული.
ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი – გია დანელია მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.
ამასთან, დანელია ამბობს, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად; ვისაც ვერ მოისყიდიან – დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ – გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები