შსს ზუგდიდში ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

0

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღძრულია საქმე. ამ ეტაპზ,ე დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა, არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი.
ჩვენ მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 2 საქმეზე: პირველი, ეს არის, მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს – ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით.  ამ ეტაპზე, დაკავებულია ერთი პირი. აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა ნიკოლოზ დიასამიძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს – დაიცვას კანონით დადგენილი წესები.
„ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და, კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ დიასამიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი